სხვა აქტივობები

მონაცემთა ელექტრონული ბაზა

2014 წელს შევიძინეთ ელექტრონული ბაზა „Pscyinfo“, , რომელიც მოიცავს 2,500 დასახელების ჟურნალს, წიგნსა და წიგნების კონკრეტულ თავებს, დისერტაციებს, შრომებსა და პუბლიკაციებს ფსიქოლოგიის, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ელექტრონული ბაზა შეიქმნა ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ და მისი განახლება ხდება ყოველკვირეულად. ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევრებს, მოიძიონ დარგში არსებული ლიტერატურა და დაუკავშირდნენ უშუალოდ გამომცემლებს.


პროგრამული უზრუნველყოფა NVivo

2012 წელს კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შევიძინეთ თვისებრივი მონაცემების ანალიზის კომპიუტერული
პროგრამა – Nvivo, რომელიც დიდი მოცულობის თვისებრივი მონაცემების დამუშავების საშუალებას იძლევა.


სამეცნიერო პიკნიკი

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ყოველწლიურად იმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი. ღია ცის ქვეშ სპეციალურად გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექსპერიმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. პიკნიკის მთავარი ამოცანაა, ხალისიანი ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები მოზარდი, სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის.

სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში პირველად 2012 წლის 29 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა. მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი პოპულარობა ყოველ წელს იზრდება. სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოადგენენ საინტერესო სანახაობებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში. ფსიქოლოგებისათვის განკუთვნილ კარავში – „ადამიანის ქცევა“ – სტუდენტებს წარმოდგენილი აქვთ რავენის პროგრესული მატრიცები, მეხსიერების ტესტები და სხვა. კარავში მისულ მოზარდებს წახალისების მიზნით საჩუქრებით აჯილდოებენ.


დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია: დათმობა და გარე ჯგუფები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული ურთიერთგაგებისთვის

21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია თემაზე: „დათმობა და გარე ჯგუფები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული ურთიერთგაგებისთვის“.

ლიცენზირებული ფსიქოლოგი მარკ ჰუვი  შემდეგი ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორია:

  • „ახირებული ჯარისკაცი: რეზერვის ფსიქოლოგის მემუარები და ანალიზი ამერიკა-ერაყის მეორე ომის დროს“ (2007)
  • „ჯარისკაცობა ნათელ მხარეს“ (გამოქვეყნდება 2016 წელს)
  •  „ერაყის ოკუპაციის ჰუმანიზაცია“ (Research Papers: The Crisis in the Middle East;” Issue 05/07, Editors: Ronald H. Tuschl/Cornelia Pauer);
  •  „დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში: შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებსა და კონფლიქტის მოგვარების სპეციალისტებს მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობა?“ (Specialists Contribute to the Negotiation Process, “Online Journal of Peace and Conflict Resolution, Feb. 2006 (Used as chapter in “Wayward Soldier,” March 19, 07)

სემინარი პროექტის „გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში

13 ნოემბერს პროექტის „გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში პროფესორი ნინო ჯავახიშვილი სტუდენტებისთვის წაიკითხავს მოხსენებას ოჯახში ძალადობის თემაზე.

პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი პროექტის პარტნიორია.


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმდინარეობს სამეცნიერო გრანტების კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაციების სერია. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას უზიარებს კვლევის შედეგებს, შესაბამისად, მსურველები ეცნობიან მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.

2015 წლის 12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტის, პროფესორ თინათინ ჭინჭარაულის პრეზენტაცია სახელწოდებით „ABA-დაფუძნებული სერვისები აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში“. იხ. პრეზენტაცია

2015 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, ნინო სხირტლაძის პრეზენტაცია სახელწოდებით „ადრეული ზრდასრულობის  შემსწავლელი საზოგადოების  მეშვიდე კონფერენცია“.
იხ. პრეზენტაცია 


მე-7ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

2015 წლის 1 დეკემბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებული მე-7 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში “ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა” . კონფერენცია მიეძღვნა 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.

კონფერენციზე პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა გააკეთა  მოხსენება „ეხმარება თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა მათ მორგებას?“ . მოხსენება მომზადდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დეპრესიის, შფოთვისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეს სოციალური მხარდაჭერის ფონზე“ ფარგლებში.


„მიმდინარე პროექტების სერია“ CRRC-საქართველოს, ამერიკული საბჭოებისა და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით

2015 წლის 9 დეკემბერს CRRC-საქართველოს, ამერიკული საბჭოებისა და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით ჩატრდა „მიმდინარე პროექტების სერიის“ 2015 წლის შემოდგომის სეზონის მეთერთმეტე სესია.

შეხვედრაზე პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა მაკა ლორთქიფანიძემ წარადგინეს მიმდინარე კვლევა „როგორ აღიქვამენ და იღებენ სოციალურ მხარდაჭერას ოჯახური ძალადომის მსხვერპლი ადამიანები“, რომელიც მომზადდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დეპრესიის, შფოთვისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეს სოციალური მხარდაჭერის ფონზე“ ფარგლებში.

„მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.


მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია

28 აპრილს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ია შეყრილაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 27-30 აპრილს თბილისში. იხ. პრეზენტაცია

კონფერენციის ადგილობრივი თანაორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“ და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“. კონფერენციის მიზანი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და სამომავლო მიმართულებების განხილვა. მასში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური ჯანდაცვის დარგის წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. იხ. პროგრამა.


პროექტი ”ფსიქოლოგიური კვლევები სიძულვილის ენაზე“

პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა გააკეთა მოხსენება – ”ფსიქოლოგიური კვლევები სიძულვილის ენაზე” საქართველოს სხვადასხვა უმაღლესის სტუდენტებისათვის პროექტის “სიძულვილის ენა და თანასწორობა” ფარგლებში.


საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ჩართულები არიან 3 საერთაშორისო პროექტში:

1. ინკლუზიური იდენტობა სხვადასხვა კულტურაში.

კვლევა ტარდება ტილბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და მასში ჩართულია მსოფლიოს 23 სხვადასხვა ქვეყანა.

2017 წელს დასრულდა მონაცემების შეგროვება. 365 სკოლის მოსწავლე და 260 სტუდენტი.

პროექტი დასრულდება 2018 წელს.

2. სტერეოტიპის შინაარსის მოდელის საერთაშორისო კვლევა. მოდელის ავტორი და კვლევის ხელმძღვანელი – სუზან ფიკსე (აშშ).

3. ადრეული ზრდასრულების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ნივთიერებათა მოხმარება და აზარტული თამაშები.

პროექტში ჩართული არიან:

  • ისარაელის ბენ ჰურიონის უნივერსიტეტი
  • ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •  ალტერნატივა ჯორჯია – არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველო

პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის”

ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა ორგანიზაციის Save the Children MACF მიერ დაფინანსებული პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის”. პროექტის მიმდინარეობდა 31.03.17-11.05.17 პერიოდში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 12 507.24 ლარი.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვირეული

2017 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია. კვირეულში მონაწილეობა მიიღო დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა მოხსენებით „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“, მომხსენებელი ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი.


პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის”

ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა ორგანიზაციის Save the Children MACF მიერ დაფინანსებული პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის”.

პროექტი მიმდინარეობდა 23.10.18-31.12.18 პერიოდში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 24 300.00 ლარს.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ნათელა იმედაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

2019 წლის 31 მაისს დ. უზნაძის ინსტიტუტის კოორდინირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ემერიტუს პროფესორის, ნათელა იმედაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ჩატარდა რამდენიმე სესიად და წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ემოციური განვითარება, სტრესი, დაძლევის სტრატეგიები და მეტყველების ფსიქოლოგია, ბილინგვიზმი, მეორე ენის სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, მშობლიური ენის ათვისება.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და განათლების მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცა კრებულის სახით.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვირეული

2019 წლის 16-20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია.

კვირეულში მონაწილეობა მიიღო დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა, რომელმაც წარმოადგინა ინსტიტუტის წლიური ანგარიში და მოხსენება: „სტერეოტიპები, როგორც ისტორიული შემთხვევითობა: სოციალური კლასის ხატები პოსტკომუნისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებებში“.


პროექტი ,, საქართველოში გენდერული თანასწორობის პროფილი”

ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა ორგანიზაციის United Nations Entity for Gender Equality and the Empowerment of Women (UN Women) მიერ დაფინანსებული პროექტი ,,საქართველოში გენდერული თანასწორობის პროფილი”, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში გენდერული თანასწორობის პროფილისა და საინფორმაციო მასალების შემუშავებას.

პროექტი მიმდინარეობდა 02.10.19-30.06.20 პერიოდში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 124 273.00 ლარს.


სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროექტი

ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანი იყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასება, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით დასკვნის მომზადება და შესაბამისი ჩარევის განხორციელებისათვის აშენბახის ბავშვის ქცევის აღწერის ფორმისა (CBCL-ს) და მოზარდთა თვითანგარიშის ფორმის (YSR-ს) ვალიდაციისა და სტანდარტიზაციის მიზნით კვლევის ჩატარება და აღნიშნული კითხვარების ვალიდაცია და სტანდარტიზაცია.

პროექტი მიმდინარეობდა 12.02.20-8.05.20 პერიოდში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 22 000.00 ლარს.


კვლევითი გრანტი “კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში”

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მახრადაჭერით ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ია შეყრილაძე ახორციელებს კვლევით პროექტს “კულტურის ცვლილების როლი ქართველს ემიგრანტებში”,ომელიც მიზნად ისახავს ევროპის სამ ქვეყანაში (სბერძნეთი, იტალია და გერმანია) მცხოვრები ქართველების შესწავლას და იმის დადგენას, თუ რა კავშირი არსებობს მათ აკულტურაციის სტრატეგიებს,  ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის მახასიათებლებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელბს (შფოთვის, დეპრესიის და ცხოვრებით კმაყოფილების დონეები) შორის.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2021-2023 წლები.


კვლევითი გრანტი “ემოციების აღქმა და ემოციური ხელმისაწვდომობა მშობლებში: აუტისტური მახასიათებლები როგორც მედიატორი ცვლადი”

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მახრადაჭერით ინსტიტუტის ასისტენტ მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თამარ გვალია ახორციელებს კვლევით პროექტს “ემოციების აღქმა და ემოციური ხელმისაწვდომობა მშობლებში: აუტისტური მახასიათებლები როგორც მედიატორი ცვლადი”. კავშირი ემოციების სწორად აღქმასა და ემოციურ ხელმისაწვდომობას შორის, ასევე აუტისტურ მახასიათებლებსა და ემოციურ ხელმისაწვდომობას შორის, ასევე ემოციების აღქმასა და ემოციური ხელმისაწვდომობის კავშირზე რა გავლენას ახდენს აუტისტური მახასიათებლები, მეცნიერულად შესწავლილი და დასაბუთებული ამ დრომდე არ არის. კვლევის მიზანს, სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს, რამაც შესაძლებლობა უნდა მოგვცეს  დადგინდეს კავშირი შემდეგ ცვლადებს შორის: ემოციების აღქმა, ემოციური ხელმისაწვდომობა და აუტისტური მახასიათებლები.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2021-2023 წლები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი


პროექტი „უსაფრთხოდ უმჯობესია თუ სინანულით? ზემზრუნველი აღზრდის მიზეზების იდენტიფიცირება ცვალებად სოციალურ სამყაროში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2022 წელს დაიწყო პროექტი – „უსაფრთხოდ უმჯობესია თუ სინანულით? ზემზრუნველი აღზრდის მიზეზების იდენტიფიცირება ცვალებად სოციალურ სამყაროში“ (“Better safe than sorry? Identifying causes of overprotective parenting in a changing social world (SAFE-SORRY)”, რომელსაც საქართველოში კოორდინირებას უწევს ინსტიტუტის მკვლევარი ნინო სხირტლაძე.


Need for Cognitive Closure, Quest for Personal Significance, Believe in Conspiracy Theories and BIAS Map to Study Attitudes toward COVID-19 Protagonists

ევროპის სოციალური ფსიქოლოგიის ასოციაციის (European Association of Social Psychology (EASP)) მცირე გრანტი მიიღო კოლეგებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელშიც გაერთიანებული არიან ინსტიტუტის თანამშრომლები, პროფესორი ნინო ჯავახიშვილი და მკვლევარი ნინო ბუწაშვილი, ხოლო რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტიდან პროფესორი ანა კოშიჩი. კვლევაში გამოყენებული იქნება სტერეოტიპის შინაარსის მოდელი, კვლევა საწყის, დაგეგმვის ეტაპზეა, მიმდინარეობს ლიტერატურის დამუშავება.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2022-2024 წლები.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვირეული

2022 წლის 20-21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვირეული, რომლის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 2020-2022 წლების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში.

კვირეულში მონაწილეობა მიიღო დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა, რომელმაც წარმოადგინა ინსტიტუტის საქმიანობის 3 წლის ანგარიში.