ინსტიტუტის შესახებ

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი პირველი ფსიქოლოგიის ინსტიტუტია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ის ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგმა, დიმიტრი უზნაძემ, დააარსა 1943 წელს. 2010 წელს ინსტიტუტი ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. ინსტიტუტის ამოცანაა დიმიტრი უზნაძის დამკვიდრებული კვლევის ტრადიციის გაგრძელება და განვითარება.

ინსტიტუტში მიმდინარე ყოველი კვლევა:

  • პასუხობს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს: ინსტიტუტის საკვლევი თემები ამა თუ იმ სახით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ეხმაურება. კვლევები ეხება აუტიზმით დაავადებულებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს, მოზარდებს, გარემოსდაცვით ქცევებს, ორგანიზაციულ ურთიერთობებს. დაგროვილი მონაცემებისა და მიგნებების საფუძველზე, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს სათანადო ორგანიზაციებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი.
  • აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს: ინსტიტუტის საკვლევი თემები აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ხოლო კვლევის შედეგები ამდიდრებს თეორიას და ქმნის ახალ ცოდნას, შესაბამისად, ცნობილია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, რაც მათ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებასა და საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებაში გამოიხატება.
  • ცნობილია ქართულ სამეცნიერო სივრცეში: ინსტიტუტის კვლევის შედეგები და სამეცნიერო ნაშრომები ქვეყნდება ქართულენოვან გამოცემებში, რეგულარულად კეთდება მოხსენებები სტუდენტებისათვის, სპეციალისტებისათვის. ინსტიტუტი ყოველი წლის ბოლოს კოლეგებსა და სტუდენტებს წლიური ანგარიშის მოსასმენად იწვევს.
  • ხორციელდება გუნდურად: ინსტიტუტის კვლევით პროექტებში ერთად მუშაობენ პროფესორები და სტუდენტები. ინსტიტუტის კვლევებში განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული დოქტორანტები. პროექტების უმეტესობა მათი სადოქტორო კვლევის თემაცაა.
  • დაკავშირებული სწავლა-სწავლებასთან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილია კვლევის კომპონენტის აქტიური გამოყენება სასწავლო კურსებში, რომლებშიც სტუდენტები კურსის განმავლობაში ატარებენ კვლევას სრულად ან ნაწილობრივ. ინსტიტუტის თანამშრომელი პროფესორები ასწავლიან, ხოლო დოქტორანტი სტუდენტები ასისტირებას უწევენ მათ უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, რომლებშიც იყენებენ ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების შედეგებსა და კვლევის გამოცდილებას.