ემერიტუს პროფესორი ნათელა იმედაძე

გარდაიცვალა აღიარებული ქართველი ფსიქოლოგი, ემერიტუს პროფესორი ნათელა იმედაძე, რომელიც 20 წელი მოღვაწეობდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

წელს ნათელა იმედაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ხუთი წლის წინ მისი 90 წლის იუბილე აღვნიშნეთ, რომელიც ქალბატონი ნათელას მრავალწლიან მოღვაწეობას და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში მის წვლილს მიეძღვნა.

საიუბილეო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და მისალმებები კრებულად გამოვეცით. ჩვენთვის, დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტის თანამშრომელთათვის დიდი პატივი იყო ამ კრებულზე მუშაობა და მისი მომზადება, მითუმეტეს, რომ პროფესორი ნათელა იმედაძე დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის უკანასკნელ დღეებს მოესწრო, მის გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე ისმენდა მის ლექციებს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკლუტეტის სტუდენტი. ჩვენ, ინსტიტუტის თანამშრომლებმა უდიდესი სიამოვნება მივიღეთ თავად ნათელა იმედაძესთან და მის კოლეგებსა თუ მოწაფეებთან ურთიერთობისას, კონფერენციის და ამ კრებულის მომზადების პროცესში.

საამაყოა, რომ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას ასეთი მკვლვარი და პედაგოგი ჰყავდა. პოლონელი კოლეგის, ბარბარა ბოკუსის აზრით, ნათელა იმედაძე „განვითარების ფსიქოლოგიის დიდი ქალბატონი და საერთაშორისო სტატუსის მქონე მეცნიერია“, ხოლო გერმანელი კოლეგა, ურსულა სტეფანი მას გოეთეს ციტატით მიესალმა: „ადამიანის უდიდესი დამსახურებაა, როცა ის თვითონ განსაზღვრავს გარემო პირობებს და რაც შეიძლება ნაკლებად აძლევს მათ შესაძლებლობას განსაზღვროს ის“. 

დარწმუნებული ვართ, რომ ნათელა იმედაძის მოღვაწეობა სამაგალითო იქნება მომავალი თაობის ფსიქოლოგებისათვის.